ბერბოკმა დნესტრისპირეთში არსებული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინას შეადარა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პარალელები გაავლო დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას შორის.
"რამდენიმე წელია, რუსეთი უკრაინაში საკუთარი მიზნებისთვის უმცირესობებს იყენებს. სეპარატისტების გამოყენებით მოლდოვაში, პუტინი ფსონს დებს იმავე სცენარზე," - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში 29 თებერვალს.
"მოლდოვა მარტო არ არის, მას ჰყავს ძლიერი მეგობრები," - აღნიშნა ბერბოკმა. "არც ერთი ქვეყანა არ არის რუსეთის უკანა ეზო და არ შეიძლება მისი დესტაბილიზაცია."
ანალოგიური განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოლდოვის დესტაბილიზაციის მზარდ აგრესიულ მცდელობებზე ისაუბრა, რომლებიც "ძალიან სავარაუდოა, რომ ორკესტრირდება რუსეთის მიერ."
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ "რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, (დასავლეთის ქვეყნები - რედ.) საჭიროა ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაცია."
28 თებერვალს, არაღიარებული "დნესტრისპირეთის რესპუბლიკის" ე.წ. "ყველა დონის დეპუტატთა კონგრესმა" დაამტკიცა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროსთვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ, "მოთხოვნით, განახორციელოს ზომები დნესტრისპირეთის დაცვის მიზნით, მოლდოვის მხრიდან ზეწოლის გაძლიერების პირობებში."