შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში აშშ-ს რუსეთისთვის ახალი სანქციები აქვს მზად

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე კრემლის უარის შემთხვევაში ვაშინგტონს მზად აქვს სანქციების ახალი პაკეტი. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს - საუბარია სანქციებზე რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. 

  • წყაროების ცნობით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება. 

  • ასევე, შესაძლოა ამერიკამ სანქციები დაუწესოს ტრეიდერებს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ. 

  • წყაროების ცნობით, ახალი ზომების შესახებ ვაშინგტონმა შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს. 

დიდი სურათი: არსებული ცნობების მიხედვით, ამერიკის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა უკვე განიხილა საკითხი ევროპელ ელჩებთან მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე. 

  • ამასთანავე წყაროები ხაზს უსვამენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ყველაფერი დამოკიდებული იქნება დონალდ ტრამპის პოზიციაზე. 

კონტექსტი: ახალი სანქციების განხილვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ინტენსიური სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს. 

  • ბოლო ასეთი შეხვედრა ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის რამდენიმე დღის წინ ბერლინში გაიმართა. 

  • გერმანიაში გამართული მრავალმხრივი შეხვედრის შედეგები მხარეებმა დადებითად შეაფასეს - ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ისინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების 90%-ზე შეთანხმდნენ, თუმცა გადაუწყვეტელი რჩება ტერიტორიული საკითხი. 

  • კრემლში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ განახლებული გეგმა, თუმცა სკეპტიკურად აფასებენ მის შინაარსს და ამბობენ, რომ სავარაუდოდ მასში ბევრი მიუღებელი პუნქტი იქნება. 

სიღრმისეულად: თავის მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს ქვეყნის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღდეგ დააწესა. 

მსგავსი სიახლეები