ბერლინი: ორბანი თავისი ვიზიტებისას ევროკავშირის სახელით არ მოქმედებს

ოფიციალური ბერლინი არ განიხილავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ევროკავშირის სახელით მომლაპარაკებლად უკრაინაში, რუსეთსა და ჩინეთში ვიზიტების დროს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 8 ივლისს განაცხადა.

"ვიზიტებთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებსაც ჩვენ ამ მომენტში ვხედავთ, არის ის, რასაც ის აკეთებს, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი," - თქვა ჰებესტრეიტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სახელით მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საუბრობს და სხვა არავინ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბოლო დღეებში ჯერ კიევს, შემდეგ მოსკოვს ეწვია, მოგვიანებით კი პეკინში ჩაფრინდა. 9 ივლისს ორბანი ვაშინგტონში ჩავა, სადაც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თავად ორბანი თავის ტურს "სამშვიდობო მისიას" უწოდებს.

ვიქტორ ორბანის ვიზიტები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის თავმჯდომარეობა უნგრეთს ექვსი თვით გადაეცა 1 ივლისს.

ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა, რომ ორბანის ვიზიტი მოსკოვში შედგა "ექსკლუზიურად ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში" და არ წარმოადგენდა ევროკავშირის პოზიციას.

მსგავსი სიახლეები