BILD: გერმანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს

გერმანული გაზეთი BILD-ი იუწყება, რომ გერმანიის უსაფრთხოების საბჭო ამჟამად უკრაინისთვის გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს.
გამოცემის თანახმად, შესაბამისი წინადადება უსაფრთხოების საბჭომ კომპანია DIEHL-ისგან ორი კვირის წინ მიიღო.
საუბარია IRIS-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომლის გაწვდომა 40 კმ-ს, სიმაღლეში კი 20 კმ-ს აღწევს.
ამ სისტემით შესაძლებელია საჰაერო სივრცის საბრძოლო თვითმფრინავებისგან, ვერტმფრენებისგან, ფრთოსანი და საარტილერიო რაკეტებისა და დრონებისგან დაცვა.
ამ დროისათვის სისტემა დამზადებული არაა, თუმცა BILD-ის ცნობით, მისი უკრაინისთვის გადაცემა ნოემბრიდან შესაძლებელი იქნება.
უსაფრთხოების საბჭოს დასტურის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ გერმანიაში უკრაინელი სამხედროების გადამზადება დაიწყოს. უკრაინას სურს, რომ ჯამში 10 ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინოს, რასაც მთლიანობაში 3-4 წელი დასჭირდება.