Bild: მაისში ზელენსკი შესაძლოა გერმანიას ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა მაისში გერმანიას ეწვიოს - ბერლინში ამ დროს პრესტიჟული ევროპული პრემიის დაჯილდოვების ცერემონია იმართება. არსებული ინფორმაციით, წელს ევროპული ფასეულობების დაცვის ჯილდოს სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Bild am Sontag ავრცელებს.
ფორმალურად ჯილდო უკრაინელ ხალხს გადაეცემა - გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ "პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი იცავენ არამხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ ევროპას და ევროპულ ფასეულობებს." მოსალოდნელია, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა კანცლერი შოლცი.
ამასთანავე გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ზელენსკის გეგმებს შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაგეგმილმა კონტრიერიშმა.
ასეთ შემთხვევაში ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიას ვიდეო ჩართვის მეშვეობით დაესწრება. გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტი გერმანიაში.
გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, საფრანგეთში და პოლონეთში.
კონტექსტი
კარლ დიდის სახელობის პრემია ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი ძალისხმევისთვის გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ქალაქ ახენში იმართება - მეორე მსოფლიო ომის დროს ახენი მოკავშიირების მიერ გათავისუფლებული პირველი მსხვილი გახდა.
კარლ დიდის სახელობის პრემია თანამედროვე გერმანიის ისტორიაში დაწესებული პირველი პრემია. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ამაღლების დღესასწაულზე იმართება, რომელიც მიმდინარე წელს 18 მაისს ემთხვევა, თუმცა ამ დროს გერმანიის კანცლერი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტზე იქნება, რის გამოც ღონისძიებას რამდენიმე დღით გადაიტანენ.
1950 წელს პრემიის პირველი მფლობელი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ინიციატორი რიხარდ ფონ კუდენჰოვე-კალერგი გახდა. სხვადასხვა დროს პრემიის ლაურატები იყვნენ: კონრად ადენაუერი, ევროკომისია, ევრო, ვაცლავ ჰაველი, ემანუელ მაკრონი და ბელარუსის საპროტესტო გამოსვლების ქალი ლიდერები.