ბლინკენი: რუსეთმა შესაძლოა 2014-ში უკრაინაში შეჭრის "განმეორება" სცადოს

 

„აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთმა შესაძლოა 2014 წელს უკრაინაში ინტერვენციის სცენარის განმეორება სცადოს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას.

ორი ქვეყნის დიპლომატები ერთმანეთს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში შეხვდნენ.

„შეშფოთებული ვართ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო მოქმედებებით. რეგიონს ახლოდან ვაკვირდებით“, - განაცხადა ბლინკენმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციაზე.

სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ კრემლის ზრახვები „ბუნდოვანია“, თუმცა სავარაუდოა, რომ რუსეთი საკუთარი სამხედრო ამბიციების გასამართლებლად უკრაინის პროვოცირებას შეეცდება.

„ვშიშობთ, რომ უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზების შემდეგ რუსეთი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრება და შემდეგ ამას უკრაინის მხრიდან პროვოკაციით გაამართლებს“, - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთმა შეიარაღებულ ძალებს უკრაინის სიახლოვეში თავი წლის დასაწყისშიც მოუყარა, რამაც უკრაინის დონბასის რეგიონში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი ესკალაციის საშიშროება გააჩინა.

2014 წლის შემდეგ უკრაინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს ებრძვის.

მსგავსი სიახლეები