ბლინკენი: თუ პუტინს რუსეთის იზოლარება სურდა, მისი გეგმა მუშაობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 4 მარტს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ უკრაინაში ინტერვენცია "გეგმის მიხედვით მიდის".
"გუშინ პუტინმა თქვა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია 'გეგმის მიხედვით' მიმდინარეობს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს სამშობლოს დაცვისას, ნატოსა და ევროკავშირს შორის სოლიდარობის გაზრდას, მსოფლიოს გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ, ასევე უპრეცედენტო რაოდენობის კომპანიების გამოსვლას რუსეთიდან," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ ეს იყო პუტინის გეგმა, "მაშინ ის მუშაობს".
"რუსეთი არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი", - თქვა მან.