ბლინკენმა და ბორელმა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ისაუბრეს

4 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება.

საუბარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, პნომპენში, კამბოჯაში შედგა.

"მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა განიხილეს ჩვენი ერთობლივი ვალდებულება უკრაინის მხარდასაჭერაზე და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მისი გაუმართლებელ ომის გამო, რამაც გლობალურ შედეგებზე ენერგეტიკულ ბაზრებზე და სასურსათო უსაფრთხოებაზე იმოქმედა", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ცნობით, ბორელმა ბლინკენთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი ერთად მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად.

"ეს იქნება კარგი შემთხვევა, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ მსოფლიოს, რომ სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი არის არა ჩვენი სანქციების შედეგი, არამედ ომის და რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ რუსულ ნარატივთან დასაპირისპირებლად, მნიშვნელოვანია მსოფლიომ გაიგოს, ვინ არის დამნაშავე ამაში, ვინ იწვევს მსოფლიოში კრიზისებს", - განაცხადა მან.

ბორელის თქმით, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ "შექმნა ტექტონიკური ცვლილებები და შოკისმომგვრელი ტალღები მთელს მსოფლიოში და ამის საფასურს ყველა იხდის".

მსგავსი სიახლეები