ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრა გააუქმა
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
"გასულ კვირას მე ლავროვს შეხვედრაზე დავთანხმდი, რათა შეშფოთება გამომეხატა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ შეჭრა დაიწყო და რუსეთი დიპლომატიაზე უარს ამბობს. ამიტომ ახლა ამ შეხვედრის გამართვას აზრი არ აქვს", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, მან წერილი გაუგზავნა ლავროვს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზადაა დეესკალაციისთვის და კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა გამოსანახად.
ბლინკენისა და ლავროვის ბოლო შეხვედრა 21 იანვარს ჟენევაში შედგა.