ბორელი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს 24 თებერვლამდე მიიღებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავამდე მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, 20 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მის სიტყვებს Європейська правда ციტირებს.

"დღეს განვიხილეთ სანქციების მე-10 პაკეტი, რომელიც ევროპულ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინა. ჩვენ მისი დამტკიცების გზაზე ვართ და მჯერა, რომ ეს მოხდება უახლოეს საათებში ან დღეებში - ნებისმიერ შემთხვევაში 24 თებერვლამდე", - განაცხადა მან.

ბორელმა აღნიშნა, რომ "სანქციების მე-10 პაკეტი წერილობითი პროცედურით 24 თებერვლამდე დამტკიცდება."

"ამ დროისთვის ის დაბრკოლებები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, გადაილახება. ასეთი ვალდებულება აიღო ყველა მინისტრმა, პაკეტმა ყველასგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო", - თქვა ევროპის პირველმა დიპლომატმა.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი არ მოიცავს შეზღუდვებს ბირთვულ ინდუსტრიაზე, ანუ Росатом-ზე.

ბორელის თქმით, ახალი სანქციები შეეხება ელექტრონიკას, სპეციალიზებულ მანქანებს, მანქანების, თვითმფრინავების, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილებს, სამშენებლო პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სამხედრო მიზნებით (ანტენები, ამწეები), ორმაგი დანიშნულების საქონელს (ელექტრონული კომპონენტები, ტექნოლოგია, თერმული კამერები).

მსგავსი სიახლეები