ბორელი: ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირი 60 ათას უკრაინელ სამხედროს მოამზადებს
ევროკავშირის საწვრთნელი მისიის EUMAM-ის ფარგლებში 50 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა, ზაფხულის ბოლომდე კი 60 ათასი გაიწრთვნება.
ამის შესახებ ბრიუსელში 28 მაისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა თქვა, რომ რადგან უკრაინას სჭირდება მეტი ადამიანის მობილიზება, ევროკავშირი მზად არის გააფართოოს EUMAM-ის მისია.
"მზარდი კონსენსუსია ჩვენი სასწავლო შესაძლებლობების ამბიციის დონის ამაღლებაზე," - თქვა მან. "მაგრამ მე არ მსურს ახალი რიცხვის თქმა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ჩვენ შეგვიძლია მას მივაღწიოთ."
მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს სასწავლო მისიის უკრაინაში ნაწილობრივი გადატანის თემა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პანეევროპული პოზიცია არ არსებობს.
ასევე, ევროკავშირს არ აქვს კონსენსუსი იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა უკრაინის მიერ ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არიან კატეგორიული წინააღმდეგები, ვინც თავიდანვე აწვდიდა კიევს იარაღს ასეთი პირობის გარეშე და ისინი, ვინც ახლახან შეთანხმდნენ იარაღის გამოყენების ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნაზე.
თუმცა, ბორელმა გადაწყვიტა არ დაეკონკრეტებინა, რამდენია ასეთი ქვეყანა.