ბრიტანელმა გენერალმა უკრაინის არმიის წარმატებისთვის აუცილებელი ხუთი ნაბიჯი დაასახელა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი კონტრშეტევა ვერ შეძლებს რუსეთის ძალების ქვეყნის სამხრეთში შუაზე გაჭრას, მაგრამ მან აჩვენა, რომ რუსული არმიის დამარცხება შესაძლებელია - არა 2023 წელს, არამედ 2024 ან 2025 წელს.
ეს შეფასება გაზეთ Financial Times-ში ბრიტანელმა გადამდგარმა გენერალმა რიჩარდ ბარონსმა 3 სექტემბერს გამოთქვა.
"ამ ზაფხულს მიღწეული მოკრძალებული პროგრესი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგად მომზადებული თავდაცვის გადალახვა ჩვეულებრივ ომში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია იყოს, ის მაინც შესაძლებელია," - წერს ბარონსი.
ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ომი სავარაუდოდ გაჭიანურდება: "რუსული ძალები გაჭიმულია, გამოფიტულია და არ აქვთ რეზერვები, მაგრამ თუ ისინი უბრალოდ არ დანებდებიან, მაშინ დიდი გზა იქნება გასავლელი."
მისი თქმით, უკრაინას 2024 წლის შუა რიცხვებამდე დრო დასჭირდება, რათა გააძლიეროს საჰაერო ძალები და გამნაღმველი აღჭურვილობის ნაკლებობის პრობლემა მოაგვაროს.
რეკომენდაციები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმატებისთვის
ბარონსი ასახელებს ხუთ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებამდე მიიყვანს.
პირველ რიგში, კიევმა არ უნდა იჩქაროს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად, სანამ ამისთვის საჭირო რესურსები გამოჩნდება. მეორეც, "მთელი ზამთრის განმავლობაში აუცილებელია რუსეთის საოკუპაციო ძალებზე მუმდივი ზეწოლა."
მესამე, უკრაინამ სისტემატურად უნდა სცადოს რუსეთის სამხედრო კონტროლის შემსუბუქება მის ტერიტორიებზე 2024 წელს და მის შემდგომ: "დიდი მნიშვნელობა აქვს არტილერიის განადგურებას, ისევე როგორც თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო ღრმა სამიზნეებზე ზურგში."
მეოთხე, "აუცილებელია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განეიტრალება, რომელიც არის მოსკოვის დამანგრეველი სარაკეტო დარტყმების მამოძრავებელი და მარცვლეულის ექსპორტის მთავარი წინაღობა."
"ეს ისე უნდა მოხდეს, რომ 2024 წლის გაზაფხულისთვის შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი როლი აღარ ითამაშოს ამ ომში," - აღნიშნავს ექსპერტი.
და მეხუთე, "უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომში დასავლეთისა და უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალი არის სამხედრო წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი."
"შესაძლებელია მარაგებიდან მიწოდება, მაგრამ ამჟამად უკრაინული კამპანია დამოკიდებულია მოკავშირეებზე, რომლებიც ზრდიან თავიანთი თავდაცვის ინდუსტრიის მოცულობას. საბრძოლო მასალის ნაკადი გაფართოებული საწარმოო ხაზებიდან ყველაზე ადრე 2024 წლის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება ბრძოლის ველზე. და ამან კიევის შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა უზრუნველყოს." - აჯამებს ყოფილი გენერალი.