ბრიტანეთი უკრაინას დრონებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას თანამედროვე დრონებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, რომელთა ღირებულებაც 60 მილიონი ფუნტია.
"უკრაინის საერთაშორისო ფონდის 60 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად უახლეს უპილოტო საფრენ აპარატებს მოიცავს.
პაკეტში ასევე შედის 20 მილიონ ფუნტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთი ლატვიასთან ერთად ხელმძღვანელობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო "დრონების კოალიციას."
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა იანვარში კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ლონდონი 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინელი სამხედროებისთვის სხვადასხვა ტიპის დრონების წარმოებისთვის.