ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვია და დახმარების გაზრდის პირობა დადო
ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯონ ჰილიმ პირობა დადო, რომ უკრაინას ასი დღის განმავლობაში მიაწვდის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს წინა მთავრობამ გამოაცხადა.
ამის შესახებ მან კვირას, 7 ივლისს ოდესაში ვიზიტის დროს განაცხადა.
სამხრეთ უკრაინის ქალაქში, ჰილი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდა. ვიზიტის დროს ახლადანიშნულმა მინისტრმა დაადასტურა თავისი სურვილი გააძლიეროს კიევის მხარდაჭერა.
"როგორც თავდაცვის ახალი მდივანი, მე პირობას ვდებ, რომ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით," - თქვა მან.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 250 ათასი50 მმ-იან საბრძოლო მასალის, 90 რაკეტა Brimstone-ს, 50 მცირე სამხედრო ნავს, 40 ნაღმების გამწმენდ მანქანას, 10 თვითმავალ საარტილერიო ჰაუბიცა AS-90-ს და სათადარიგო ნაწილებს ადრე მიწოდებული ჰაუბიცებისთვის, ასევე 61 ბულდოზერს თავდაცვითი პოზიციების ასაგებად.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარმერმა, რომელმაც 5 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დაიკავა, თავისი კაბინეტის შემადგენლობა გამოაცხადა.