ბრიტანეთის დაზვერვა: რუსები ბრძოლების შემდეგ ძალების აღდგენას ვერ ასწრებენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური მიმოხილვა განაახლა.

ანგარიშის თანახმად, დონბასის ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში საოკუპაციო ძალები საარტილერიო დაბომბვებს აგრძელებენ, თუმცა მათ „მსხვილი ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევიათ“.

უკრაინა აგრძელებს ხერსონის ობლასტის ჩრდილოეთში რუსების პოზიციებზე კონტრ-იერიშს, თუმცა ჯერჯერობით თავდაცვითი ხაზის გარღვევისთვის არ მიუღწევია.

ბრიტანული დაზვერვა 28 ივნისს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე წერს, რომელშიც რუსი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეები ქმრების სახლში დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთ სამხედროს ცოლი ჰყვება, მეხუთე სატანკო ბრიგადის პერსონალი, სადაც მისი ქმარი მსახურობს, „მორალურად და ფიზიკურად გამოფიტულია“, რადგან მათ საბრძოლო მოქმედებების ზონა 24 თებერვლის შემდეგ არ დაუტოვებიათ.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები ინტენსიური ბრძოლის შემდეგ პაუზის აღებას ვერ ახერხებენ, რაც კადრების დეფიციტით აიხსნება.

ეს რუსეთის არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე „დამაზიანებელი“ გარემოება შეიძლება აღმოჩნდეს, წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები