ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ავიაციას ეფექტიანად ვერ იყენებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ლუჰანსკელი სეპარატისტების მტკიცებით, საოკუპაციო ძალები დონეცკის ქალაქ სივერსკის გარეუბნებში შევიდნენ.
„აღნიშნული ცნობა არ დასტურდება, თუმცა რუსები ლისიჩანსკიდან დასავლეთით, სივერსკის მიმართულებით ნელი ტემპით მიიწევენ“, - წერია ანგარიშში.
ოკუპანტების ამოცანას სივერსკიდან დონეცკის ორ ქალაქზე - სლოვიანსკზე და კრამატორსკზე იერიშის მიტანა წარმოადგენს.
სივერსკის აღების შემთხვევაში რუსების შემდეგი სამიზნე სავარაუდოდ ქალაქი ბახმუტი გახდება, რომელიც დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ რუსეთი უარყოფს, რომ ტერიტორიაზე კონტროლი უკრაინამ დაიბრუნა.
13 ივლისს ზმეინიზე იერიში ორმა რუსულმა გამანადგურებელმა Су-27 სცადა, რაც წარუმატებლად დასრულდა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ავიაციის არაეფექტიანობას ტაქტიკურ ომში“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.