ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერის დემარში პუტინისთვის უსერიოზულესი გამოწვევაა

ფრონტის ამბების ყოველდღიური მიმოხილვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ ევგენი პრიგოჟინის ამბხოს მიუძღვნა. 

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვაგნერის მებრძოლები რუსეთის საზღვარი მინიმუმ 2 ადგილას გადმოკვეთეს, ხოლო ვაგნერელების ნაწილი მოსკოვისკენ აპირებს სვლის გაგრძელებას, მით უფრო, რომ მათ გზაზე დიდი წინააღმდეგობა არ ხვდებათ. 

"მომდევნო საათებში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ლოიალობას საკვანძო მნიშვნელობა ექნება კრიზისის განვითარებაში. ეს რუსეთის სახელმწიფოსთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ბოლო წლებში",- ნათქვამია მიმოხილვაში. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები