ბრიტანეთის ელჩი: ანტი-ლგბტ კანონი ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობას
ბრიტანეთის საელჩო Facebook-ზე ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას აქვეყნებს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ კანონთა პაკეტი საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
"ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის.
ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.
შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონთა პაკეტს, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან ერთად ზღუდავს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი III მოსმენით მიიღო და მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
ბრიტანეთის საელჩომ შეშფოთება მაშინვე გამოხატა, განცხადებაში კი წერდნენ, რომ "ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე".
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი არ მოაწერა, თუმცა, ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერდა და დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევიდოდა.
დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა და აღნიშნა, "ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც".