ბრიტანეთის საგარეო უწყება: რუსეთი უკრაინაში პრორუსული მთავრობის მოყვანას ცდილობს

 

შაბათს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის განცხადებით, კრემლი უკრაინაში პრორუსული მთავრობის მოყვანას გეგმავს.

ბრიტანეთის საგარეო სამდივნო იმ ადამიანების სახელებსაც აქვეყნებს, ვისაც კრემლი უკრაინის მომავალი ხელისუფლების ნაწილად განიხილავს. ეს უკრაინელი პოლიტიკოსები ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდის წევრები არიან.

„ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრაზე მსჯელობის პარალელურად, კიევში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს. ამ ხელისუფლების მეთაურად კი უკრაინის რადას ყოფილი წევრის, ევგენი მურაევის კანდიდატურა განიხილება.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებთანაც თანამშრომლობენ. მათ შორის:

  • სერგეი არბუზოვი – უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე 2012-2014 წლებში და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს;
  • ანდრეი კლუევი – უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე 2010-2012 წლებში და ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  • ვლადიმერ სივკოვიჩი – უკრაინის ეროვნული უსაფრთოხებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • მიკოლა აზაროვი – უკრანის პრემიერ-მინისტრი 2010-2014 წლებში.  

მათი ნაწილი რუსეთის უშიშროების იმ ოფიცრებთან თანამშრომლობს, რომლებიც ამჟამად ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის მომზადებაში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ თრასმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ნათლად აჩვენებს რუსეთის ქმედებების მასშტაბს, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ და გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ კრემლის გეგმები.

თრასის თქმით, ბრიტანეთი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი სიახლეები