ბრიტანეთმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის "საზღვაო კოალიცია" შექმნეს

11 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ ოფიციალურად გამოაცხადეს საზღვაო ძალებისა და საშუალებების კოალიციის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ამის შესახებ ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს.

"საზღვაო კოალიციის" შექმნა ლონდონში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა და მისმა ნორვეგიელმა კოლეგამ, ბიორნ არილ გრამმა გამოაცხადეს. 

გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია და სხვები უკრაინას მისი საზღვაო ძალების გარდაქმნაში, ნატოს ძალებთან თავსებადობის გაზრდაში და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარებიან.

"ახალი "საზღვაო კოალიცია" მჭიდროდ ითანამშრომლებს უკრაინის საზღვაო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან, რათა განავითაროს მთელი რიგი შესაძლებლობები, კერძოდ, შავ ზღვაში საზღვაო ძალების სწრაფი განვითარება, უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემდგომი განვითარება და მდინარეში გემებით პატრულირება სანაპირო და შიდა წყლის გზების დასაცავად," - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

კოალიციის ფარგლებში, ბრიტანეთმა და ნორვეგიამ უკვე გამოაცხადეს უკრაინისთვის სამეფო საზღვაო ძალების Sandown-ის კლასის ნაღმოსანის გადაცემა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევი მიიღებს Viking-ის 20 ამფიბიას და 23 ჩქაროსნულ ნავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყანას კოალიციის შექმნისთვის, რომელიც "უკრაინას ფლოტის გაძლიერებაში, საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტების დაცვაში და ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფაში დაეხმარება."

"2023 წელს შავი ზღვის ბრძოლაში უკრაინის გამარჯვებაზე დაყრდნობით, ჩვენ დავიცავთ რეგიონს რუსული ტერორისგან და უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინული სურსათის ექსპორტი გაგრძელდეს." - აღნიშნა მან.

მანამდე დანიამ უკრაინის საზღვაო ძალებს უნიკალური დრონები, ავტონომიური ჰიდროგრაფიული სისტემები, SeaBat T51-ები გადასცა, რომლებიც წყალქვეშა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

მსგავსი სიახლეები