ბრიუსელი: ევროკავშირის ქვეყნების ჭურვები უკრაინისთვის გადასაცემად მზად არის

ევროკავშირი მზადაა უკრაინას დაპირებული დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადასცეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის სამეტაპიანი გეგმის ფარგლებში, ასობით მილიონი ევროს შესყიდვები უკვე განხორციელდა.

"მე ველაპარაკე დმიტრო კულებას იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. 9 თებერვლიდან პირველი მილიარდი ევროს [ჭურვების - რედ.] 66%-ზე მეტი მიწოდებულია", - დაწერა მან ტვიტერზე.

პირველი მილიარდი ევრო ეხება ევროკავშირის გეგმის პირველ ეტაპს, რომლის მიხედვითაც ქვეყნები უკრაინას თავიანთი ჯარების მარაგებში არსებულ საბრძოლო მასალას აწვდიან, რისთვისაც ისინი კომპენსაციას ევროპის მშვიდობის ფონდიდან იღებენ. ამ ეტაპისთვის ევროკავშირის საბჭომ ფონდიდან 1 მილიარდი ევრო გამოყო.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე მიმართეს ევროპის მშვიდობის ფონდს ამ თანხის მისაღებად. გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ქვეყნებს უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალის ღირებულების 50-60%-ს უხდიან.

კონტექსტი

უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის გეგმა სამი ნაწილისგან შედგება:

  1. მილიარდი ევროს გამოყოფა ევროკავშირის იმ ქვეყნების ეროვნული რეზერვების შესავსებად, რომლებიც მზად არიან ახლავე გადასცენ საბრძოლო მასალა უკრაინას.
  2. კოორდინირებული მიდგომა საარტილერიო ჭურვების შემდეგი შესყიდვის მიმართ, რათა ქვეყნებმა შეავსონ საკუთარი მარაგი და უკრაინას საბრძოლო მასალა საშუალოვადიან პერიოდში ევროპის თავდაცვის სააგენტოს მეშვეობით მიაწოდონ. ბორელის თქმით, კოლექტიური მიდგომა ხელს შეუწყობს საბრძოლო მასალის ფასის და მიწოდების დროის შემცირებას. ამ მიზნებისთვის შემოთავაზებულია კიდევ 1 მილიარდი ევროს გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან.
  3. ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გაზრდა მათი ჯარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ევროკომისიის წარმომადგენლებმა არაერთი ვიზიტი განახორციელეს ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საბრძოლო მასალის საწარმოები მდებარეობს. 

ევროკავშირის მიზანია უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები