ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში
თვის მთავარი მოვლენა
ხუთშაბათს და პარასკევს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში მარტის სამიტზე შეხვდებიან.
დღის წესრიგის სათავეში კონკურენტუნარიანობა იქნება. წინა კვირას ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მწვანე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.
ევროკავშირი ცდილობს, აშშ-ს და ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს და ამავდროულად, მწვანე და ციფრული ტრანზიცია უზრუნველყოს.
სამიტზე მიგრაციაზეც იმსჯელებენ, რაც ევროკავშირის ლიდერებისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახდა.
წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ორშაბათს, 20 მარტს. ძირითადი საკითხი რუსეთის წარმოებული ომი იქნება. მოგვიანებით, მათ თავდაცვის მინისტრებიც შეუერთდებიან.
სამშაბათს, 21 მარტს, ევროკავშირის საკითხების მინისტრები შეხვდებიან.
სამიტისთვის მომზადების გარდა, ისინი იმსჯელებენ ევროკავშირისა და ბრიტანეთის შეთანხმების შესახებ.
გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს სლოვაკეთში, ფინეთში, ბელგიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
შეკეთების უფლება
ოთხშაბათს ევროკომისია წარმოადგენს ე.წ. "შეკეთების უფლების" გეგმას. მისი მიზანია, მომხმარებლებს პროდუქტების შეკეთება გაუიაფდეთ და გაუადვილდეთ. გარდა ამისა, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, შეკეთების ინფორმაცია, ხელსაწყოები და სათადარიგო ნაწილები სხვებისგან არ დამალონ.
და პარლამენტი
სამშაბათს ევროპარლამენტს ესტუმრება დმიტრი მურატოვი, ნოვაია გაზეტას მთავარი რედაქტორი და 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
ოთხშაბათს ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტში იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ განკარგავს ევროკომისია კოვიდ-19-ის აღდგენის €800 მილიარდიან ფონდს.
ისინი ასევე განიხილავენ ევროკავშირის აუდიტორების სასამართლოს ანგარიშს, რომელიც ევროკავშირის დონეზე ანგარიშვალდებულების ხარვეზებზე მიუთითებს. მომდევნო დღეს კომიტეტი იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ შეიზღუდოს რუსეთისადმი სანქციების სიაში მოხვედრილი კომპანიებისთვისა და პირებისთვის ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსების მიღება.
ხუთშაბათს, 23 მარტს, ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტი გამართავს დისკუსიას იმ პირობების შესახებ, რომელთა შესრულებაც პოლონეთის მმართველ პარტიას ევროკავშირის კოვიდის ფონდიდან თანხის მისაღებად მოუწევს.
მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.