ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში

დღეს, 4 აპრილს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში გაემგზავრებიან. ევროკავშირი ცდილობს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე თავისი ადგილი მონახოს.

ესპანეთის პრემიერ-მინიტრი პედრო სანჩესი პეკინში გასულ კვირას ორდღიანი ვიზიტით იყო ჩასული და თქვა, რომ მის ქვეყანას "ჩინეთთან დაბალანსებული ურთიერთობა" სურს.

მაკრონს უკან რჩება ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მისმა საპენსიო რეფორმამ გამოიწვია. მას სურს, რომ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ უბიძგოს, რათა ამ უკანასკნელმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი გასულ კვირას ჩინეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ჩინეთის რუსეთისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ევროკავშირთან ურთიერთობასაც, თუმცა მისივე თქმით, ევროპა ჩინეთისგან "მოშორებას" არ აპირებს.

მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.

ბრიუსელში აღდგომამდე სიმშვიდეა.

ამისდა მიუხედავად, ევროკომისია გეგმავს, წარადგინოს ახალი პროცედურა სხვა წევრი სახელმწიფოსთვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის შესახებ.

ინიციატივის მიზანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოება უფრო ეფექტური გახდეს და მეტად გასაგები იყოს, მაგალითად, როგორ უნდა გაითვალისწინონ ექსპერტის მოსაზრება.

ევროკომისია ასევე წარადგენს თავის მოსაზრებას ფუტკრების გადარჩენის სამოქალაქო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ინიციატივის ავტორებს სურთ, შემუშავდეს ახალი წესები 2035 წლისთვის ქიმიური პესტიციდების ასაკრძალად, სასოფლო-სამეურნეო ადგილებში ბუნებრივი ეკოსისტემის აღსადგენად და გარდამავალ ფაზაში ფერმერების დასახმარებლად.

ამ კვირაში ევროპარლამენტის დელეგაციები გზას დაადგებიან.

ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ჩავა სინგაპურში, სადაც იმსჯელებენ საბაჟოებზე და შეისწავლიან ადგილობრივი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას.

18 აპრილს ევროპარლამენტი პლენარული სხდომით სტრასბურგში დაბრუნდება, ევროკავშირის საბჭოში კი წევრი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები შეიკრიბებია.

 

მსგავსი სიახლეები