ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის პარალელურად ფერმერები პროტესტს მართავენ

ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა.

აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.

აქციაში მონაწილე ბელგიელი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი ფერმერები ევროპის კავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, რომ ბრიუსელმა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს მეტი შეღავათი დაუწესოს და დახმარება გაუწიოს.

ბელგიის გარდა, ევროპის კავშირის მასშტაბით ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები გერმანიასა და საფრანგეთშიც იმართება.

ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას მოითხოვენ. ევროპის კავშირის ახალი მოთხოვნის თანახმად, გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებაში მცხოვრებმა ფერმერებმა პესტიციდებისა და სასუქის გამოყენება თანდათან იმდენად უნდა შეამცირონ, რომ 2030 წლისთვის საკუთარ საზღვრებში მოქცეული ზედაპირის მინიმუმ 20% ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მათი განცხადებით, დაწესებული რეგულაციები შეუძლებელს ხდის, რომ  კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მწარმოებლებს.

გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.

ოლაფ შოლცის კოალიციურმა მთავრობამ („სოციალ-დემოკრატიული პარტია“ + „მწვანეები“ + „თავისუფალი დემოკრატები“) სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად, 2024 წლის ბიუჯეტში 17 მილიარდი ევროს (18,6 მილიარდი დოლარი) ხვრელის შესავსებად, მიიღო.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები