ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირი-ნატოს პირველი სამმხრივი შეხვედრა შედგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 21 თებერვალს, ბრიუსელში, მონაწილეობა მიიღო უკრაინა-ევროკავშირი-ნატოს პირველ სამმხრივ შეხვედრაში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან ერთად.
ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.
მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იყო.
"უკრაინა, ევროკავშირი და ნატო შეთანხმდნენ, რომ შექმნან კოორდინაციის მექანიზმი უკრაინელ მწარმოებლებს, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების საწარმოებს შორის, უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოების ოპტიმიზაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
კულებამ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით "არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის" მადლობა გადაუხადა და მათი განხორციელების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში. ამისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება, რაც ჩვენი სამხედროების უმოკლეს დროში ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფით მიიღწევა", - განაცხადა მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კულებამ პარტნიორებს ევროკავშირისა და ნატოს მექანიზმების ფარგლებში უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყება შესთავაზა.
კულებას თქმით, ახალი სამმხრივი ფორმატი, უკრაინა-ევროკავშირი-ნატო მუდმივად იმუშავებს.