ბულგარეთი და რუმინეთი 2024 წლის მარტიდან შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთმა და რუმინეთმა მიიღეს ნებართვა, რომ 2024 წლის მარტიდან შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ.

ბულგარეთი და რუმინეთი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები 2007 წელს გახდნენ. ევროკომისია 2011 წლიდან მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ქვეყნები შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად მზად იყვნენ, თუმცა, მათი გაწევრიანების პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდებოდა.

2022 წელს ევროპის კავშირის სახელმწიფოებმა ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის შენგენის ზონაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. ავსტრიამ, არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის გამო, ბულგარეთი და რუმინეთი დაბლოკა, შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან შენგენის ზონას მხოლოდ ხორვატია შეუერთდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად, სოფიამ და ბუქარესტმა ავსტრიის მთავრობისგან თანხმობა მიიღო. აღნიშნული ცვლილება 2024 წლის მარტიდან მხოლოდ საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას შეეხება, თუმცა, მომავალში სახმელეთო გადაადგილებასაც მოიცავს.

„საბოლოოდ, 13 წლის შემდეგ, რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდება. ჩვენ პოლიტიკური შეთანხმება გვაქვს ამის შესახებ“, - მარსელ ჩიოლაკუ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი.

შენგენის ზონა, რომელიც ამჟამად 27 სახელმწიფოს (ევროპის კავშირის წევრი 23სახელმწიფო + ისლანდია, ლიხტენშეტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) მოიცავს, 1985 წელს ჩამოყალიბდა. შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, თუმცა შიდა საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი გაუქმებულია.

მსგავსი სიახლეები