ბუნდესტაგმა ფასების ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად €200 მილიარდიანი გეგმა დაამტკიცა
გერმანიის ბუნდესტაგმა 200 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ეკონომიკური სტაბილურობის სპეციალური ფონდიდან ენერგეტიკის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და ბიზნესის დასახმარებლად.
"ეს კარგი ამბავია ყველასთვის, ვისაც აწუხებს კომუნალური გადასახადები. ასევე ვაჭრობისა და ბიზნესისთვის", - თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
მთავრობის გეგმით, გამოყოფილი სესხები 2024 წლამდე საკმარისი უნდა იყოს, თუმცა სუბიექტებმა ფორმალურად წელს უნდა აიღონ.
დახმარების პაკეტის დაფინანსების მიზნით, გერმანიის მთავრობა კვლავ შეაჩერებს კანონით გათვალისწინებულ "ვალების მუხრუჭს". სახელმწიფო ვალის ზრდის პრევენციის მანამდე გატარებულ პოლიტიკაზე გერმანიამ უარი პანდემიის დაწყებისას, 2020 წლის მარტში თქვა. 2014 წლიდან ბერლინმა მოახერხა ვალების ზრდის თავიდან აცილება. ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ გერმანია ამ წესს 2023 წელს დაუბრუნდება.
2024 წლამდე სესხების გაცემის გადაწყვეტილებას გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახური აკრიტიკებდა. მისი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ფედერალური ბიუჯეტი ყოველთვის ერთი წლით იგეგმება.
წინადადება გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა, რომელიც გერმანიის პარლამენტში მიწების ინტერესებს წარმოადგენს, უნდა დაუჭიროს ხმა.