ჩადის პრეზიდენტი აჯანყებულებთან ბრძოლისას მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა
ჩადის პრეზიდენტი იდრის დები, რომელიც ცოტა ხნის წინ მეექვსედ აირჩიეს პოსტზე, აჯანყებულებთან ბრძოლისას მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დები გასულ უქმეებზე მიმდინარე ბრძოლების დროს დაიჭრა.
იდრის დები ჩადის პრეზიდენტის პოსტს 1990 წლიდან იკავებდა. პრეზიდენტის გარდაცვალება დაადასტურა არმიის წარმომადგენელმა აზემ ბერმანდოა აგუნამ.
"პრეზიდენტმა უკანასკნელად ბრძოლის ველზე, ჩადის სუვერენიტეტის დაცვისთვის ამოისუნთქა",- განაცხადა გენერალმა.
დების სიკვდილის შემდეგ, ჩადის მთავრობა და პარლამენტი დაითხოვეს, მომდევნო 18 თვის განმავლობაში ქვეყანას სამხედრო საბჭო უხელმძღვანელებს.
"გარდამავალი პერიოდის ნაციონალური საბჭო არწმუნებს ჩადის მოსახლეობას, რომ რესპუბლიკაში გარანტირებული იქნება წესრიგი და უსაფრთხოება",- ამბობს აზემ ბერმანდოა აგუნა.
იდრის დები ჩადის სათავეში 1990 წელს მას შემდეგ მოვიდა, რაც მის მიერ ჩამოყალიბებულმა ნაციონალური გადარჩენის ძალებმა სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს. აპრილის დასაწყისში დები მეექვსედ აირჩიეს ჩადის პრეზიდენტად, მან ხმათა 80% მოიპოვა.
საინტერესოა, რომ დებიმ ვერ მიაღწია მის მეექვსე ინაუგურაციამდე. გასულ კვირას დებიმ ჩადის სამხრეთში სამთავრობო არმიის პოზიციები მოინახულა, სადაც უკვე დიდი ხანია ჩადის არმია აჯანყებულთა ორგანიზაციას, ცვლილებებისა და თანხმობის ფრონტს ებრძვის.