ჩეხეთი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
ჩეხეთის ჭურვების ინიციატივის ფარგლებში ყველა მიწოდება კონტრაქტების შესაბამისად მიმდინარეობს, რასაც კიევი ძალიან აფასებს.
ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრაღამ უკვე განაცხადა, რომ ჩეხური ჭურვების ინიციატივის წყალობით, უკრაინა ივლის-აგვისტოში 100 000 ერთეულ ჭურვს მიიღებს. წლის ბოლომდე უკრაინას შესაძლოა 500 000 ერთეული მსხვილი კალიბრის ჭურვი გადაეცეს.
უკრაინაში არსებული ვითარება იყო პირველი თემა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს.
29 აგვისტოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებაზე ისაუბრა.
"ჭურვებზე დაპირება სრულდება, ეს უფრო მეტად ეხება საჰაერო თავდაცვას, სიტუაცია რთულია, რადგან მცირე რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემაა და ყველა უფრთხილდება მათ, რადგან ქვეყნებს უნდა შეეძლოთ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა," - თქვა ლიპავსკიმ.
შეხვედრაზე ჩეხეთმა კვლავ მოუწოდა ევროკავშირს ქვეყნებს მხარი დაუჭირონ მის წინადადებას შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
ჩეხეთი ცხრა თვეა დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეზღუდოს რუსი დიპლომატების გადაადგილება შენგენის ზონაში. წინადადების თანახმად, რუსი დიპლომატები მიიღებენ ვიზებს და ბინადრობის ნებართვებს, რაც მათ საშუალებას მისცემს იმოგზაურონ მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის შიგნით და არა შენგენის მთელ ტერიტორიაზე.