ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინა იმსახურებს, რომ ომის შემდეგ მისი ნატოში გაწევრიანება განვიხილოთ

არსებობს ყველა საფუძველი, რომ რუსეთის აგრესიის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნატოში შესვლა განვიხილოთ. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Суспільне-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც განვიხილავთ ახალი წევრების მიღების საკითხს, არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი. პირველი, საერთო ღირებულებები, გრძელვადიანი ინტერესები, ტექნიკური თავსებადობა და, ცხადია, პოლიტიკური ნება ყველა მხრიდან. ტექნიკური თავსებადობის კუთხით უკრაინამ საშინაო დავალება შეასრულა. ღირებულებების და გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით, ასევე სრული თავსებადობა გვაქვს", - განაცხადა მან.

პაველის თქმით, რჩება მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის ან ტერიტორიული დავის არარსებობის პირობა.

"საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორც კი კონფლიქტში მყოფი უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ალიანსი ამ კონფლიქტის მხარე იქნება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად მასშტაბური იქნება კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის. დიდი ალბათობით ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

პაველმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ დადგება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი.

"ამ ეტაპზე ამას მხარს დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ უკრაინა იმსახურებს ნატოს ახალი წევრი გახდეს - სტანდარტების დაცვისთვის, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის. და უკრაინელი სამხედროები ალბათ ევროპაში ყველაზე გამოცდილები იქნებიან და ნატოს ქვეყნებისთვის ეს დიდი უპირატესობა იქნება. ყველა მიზეზი არსებობს, რომ ომის შემდეგ დაუყოვნებლივ განვიხილოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანება", - განაცხადა ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნატოს გაფართოება ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

"ასეთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, როცა ამის პირობები იქნება", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები