ჩინეთი და ინდოეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმას გმობენ
ჩინეთმა და ინდოეთმა დაგმეს რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინგმა ქვეყნის პოზიცია პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, ტექსტი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ყველა ქვეყანა იმსახურებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რომ დაცული უნდა იყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები, რაც მოითხოვს იმას, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები, რომელიც ხელს შეუწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე სათანადოდ მოაგვარებს უთანხმოებებს დიალოგისა და კონსულტაციების გზით. ჩინეთი მზადაა განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში დეესკალაციის მცდელობებში", - თქვა მან.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა დაგმო. მისი განცხადება Times of India-მ გამოაქვეყნა.
"ჩვენ უკრაინაში კონფლიქტის წინააღმდეგი ვიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი არ აკმაყოფილებს არავის ინტერესებს. არც მონაწილეების და ფაქტობრივად, არც საერთაშორისო თანამეგობრობის", - განაცხადა ჯაიშანკარმა.
ამავდროულად, მან უარი თქვა ეპასუხა, დაუჭერს თუ არა ინდოეთი მხარს გაეროს გენერალური ასამბლეის წინადადებას, რომელიც დაგმობს მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.