ჩინეთი ტაივანთან ახლოს ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს
ჩინეთის სახალხო განთავისუფლების არმია (PLA) ტაივანთან ახლოს დამატებით სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს.
წვრთნების ახალი რაუნდი კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს მოჰყვა, რის პასუხადაც პეკინმა ტაივანის გარშემო სამხედრო ოპერაციები გააახშირა.
PLA-ს აღმოსავლეთ სარდლობის განცხადებით, წვრთნები წყალქვეშა და საზღვაო იერიშის ოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული.
2 აგვისტოს ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნა გამართა, რომელშიც 66 თვითმფრინავი და 14 ხომალდი მონაწილეობდა.
ოთხდღიანი სწავლების განმავლობაში ტაივანის მიმართულებით და მახლობელ წყლებში ჩინეთმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
7 აგვისტოს, წვრთნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზთან პეკინის და ტაიპეის სამხედრო ხომალდები ერთმანეთისგან ახლო მანძილზე ნაოსნობდნენ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მასშტაბის და სიხშირის სწავლებები მატერიკის და კუნძულის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირების ალბათობას გაზრდის.