ჩინეთის და ბრაზილიის ლიდერები პუტინს მოუწოდებენ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი

ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერები ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი უკრაინასთან და გაემგზავროს სტამბოლის შეხვედრაზე - რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნებას პირადად შეეცდება მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩასული ლულა და სილვა.
State Of Play: სი ძინფინგისა და ლულა და სილვას მოწოდებები ვლადიმირ პუტინის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო წნეხზე მიუთითებდეს, საყურადღებოა, რომ საუბარია იმ ქვეყნების (ე.წ. გლობალური სამხრეთი) ლიდერებზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევს.
- სი ძინფინგი და ლულა და სილვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმის ყველაზე მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ.
- "მე შევეცდები დაველაპარაკო პუტინს. ჩემთვის არ არის რთული ვუთხრა: ამხანაგო პუტინი, გაემგზავრეთ სტამბოლში და დაიწყეთ მოლაპარაკებები"- განაცხადა ლულამ, 13 მაისს პეკინში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
- ამავე ღონისძიებაზე ლულამ განაცხადა, რომ პეკინიდან მოსკოვში გაივლის და ვლადიმირ პუტინს შეხვდება - ფრენების სამინოტირინგო რესურსების მონაცემებით, ბრაზილიელი პრეზიდენტის თვითმფრინავი უკვე დაეშვა მოსკოვში.
Big Picture: 13 მაისვე გავრცელდა ბრაზილიისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეები გამოთქვამდნენ იმედს, რომ კიევი და მოსკოვი "რაც შეიძლება სწრაფად" დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც "კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზაა."
- ერთი კვირით ადრე, პირად შეხვედრაზე "სამართლიანი და მყარი" სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა სი ძინფინგმაც.
Сontext: სტამბოლში გამგზავრებისკენ მოუწოდებენ ვლადიმირ პუტინს ევროპელი და ამერიკელი ლიდერებიც, მაგრამ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში ნაკლებად მოსალოდნელია.
- ე.წ. სტამბოლის ტრეკის განახლების იდეით ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ გამოვიდა, რაც უარი თქვა უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მოთხოვნით 30-დღიან უპირობო ზავზე.
- რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას და მზად არის პირადადაც შეხვდეს პუტინს, თუმცა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა ზავის გარეშე.