ჩინეთმა ტაივანის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ტაივანის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა - ამ კუნძულის ჩრდილოეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ჩინელმა სამხედროებმა "საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საჰაერო და საზღვაო მანევრები კუნძულ ტაივანის გარშემო" დაიწყეს.

ამ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია 19 აგვისტოს, სამხედრო პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, გამოიცადა არმიის შესაძლებლობა, დაეკავებინა საჰაერო და საზღვაო სივრცე და ემოქმედა "რეალურ საბრძოლო პირობებში." პეკინის თქმით, სწავლება ტაივანის ხელისუფლებისთვის "მკაცრი გაფრთხილებაა" უცხო ქვეყნებთან შეთანხმების წინააღმდეგ.

თავის მხრივ, ტაიპეიმ აღნიშნა, რომ ჩინური გამანადგურებლები 42-ჯერ შეფრინდნენ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში, მათგან 25-მა გადაკვეთა ტაივანის სრუტის შუა ხაზი.

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის "არაგონივრული და პროვოკაციული ქმედებები" დაგმო.

რამდენიმე დღის წინ ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ლაი ორჯერ შეჩერდა აშშ-ში პარაგვაისკენ მიმავალ გზაზე, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში. პოლიტიკოსი იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ფავორიტად ითვლება.

პეკინმა ლაის "პრობლემური" უწოდა და პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად თვლის და ბოლო წლებში ძლიერ უკმაყოფილებას ავლენს კუნძულის ხელისუფლების პოლიტიკური აქტივობების მიმართ.

მსგავსი სიახლეები