ჩრდილოეთ ირლანდიის არჩევნებში ბრიტანეთიდან გასვლის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა

ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ არჩევნებში ისტორიაში პირველად ნაციონალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც ირლანდიასთან გაერთიანებას და დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლას ემხრობა. 

ამ დროისთვის პარლამენტის 90 მანდატიდან განაწილებულია 88 საიდან ნაციონალ-რესპუბლიკურმა პარტიამ შინ ფეინმა 27 მანდატი მიიღო. მეორე ადგილი დემოკრატიულ-უნიონისტურმა პარტიამ დაიკავა, რომელთაც 24 მანდატი მოიპოვეს. 

ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრი შინ ფეინის ლიდერი მიშელ ონილი გახდება. პარტია თავის მთავარ მიზნად ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას ასახელებს, რაც ავტომატურად გულისხმობს დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლას. 

"დღევანდელი დღე დიდი ცვლილებების ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ჩვენი პოლიტიკისა და ჩვენი ხალხისთვის განმსაზღვრელი მომენტია",- განაცხადა ონილმა. 

ნაციონალისტების ლიდერი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე გულწრფელი და დეტალური საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს. 

უკვე მრავალი წელია შინ ფეინი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. 

შინ ფეინის გამარჯვების მიუხედავად, ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ბრიტანეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი მომზადება და ჩატარება მიმდინარე წელს მოესწრება. 

სირთულეების მიუხედავად ზოგადი წნეხი ახალ ხელისუფლებაზე ძალიან მაღალი იქნება, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 100 წლის განმავლობაში, როდესაც პრო-ბრიტანული პარტია დამარცხდა, რომელსაც მხარს ძირითადად პროტესტანტები უჭერდნენ. 

განწყობების ცვლილების მიზეზი დემოგრაფიული ცვლილებებია - ბოლო წლებში განუხრელად მცირდებოდა პროტესტანებისა და იზრდებოდა კათოლიკების რიცხვი, რომლებიც ირლანდიასთან გაერთიანებას ემხრობიან. 

1970-იანი წლებში ირლანდიაში შეიარაღებულმა კონფლიქტმა იფეთქა - ერთმანეთს პროტესტანტი-უნიონისტები და კათოლიკე-ნაციონალისტები დაუპირისპირდნენ. შეიარაღებული კონფლიქტი 1998 წელს ბელფასტის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა. 

 

მსგავსი სიახლეები