ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის წარმოების მკვეთრად გაზრდას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ 28 მარტს განაცხადა.
ერთი დღით ადრე, სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება შეიარაღებული ძალების ბირთვული შენაერთების ხარისხობრივი და რაოდენობრივი პროგრესის შესახებ.
მან "იდეალური" მზადყოფნისკენ და ბირთვული იარაღის "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას" გამოყენებისკენ მოუწოდა სამხედროებს და განაცხადა, რომ "ატომური ძალების მუდმივი გაძლიერების" აუცილებლობა არსებობს, რათა მტერს ეშინოდეს და ქვეყნის ხელისუფლება, სისტემა და ხალხი დაცული იყოს.
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ფხენიანის ბირთვული იარაღი არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ქვეყნის ბირთვული ძალების "მტერი" თავად ომი და ზოგადად ბირთვული კატასტროფაა, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.
ჩრდილოეთ კორეამ ახლახან ჩაატარა წვრთნები ბირთვული შეიარაღების შესამოწმებლად. 27 მარტს ბირთვული აფეთქების სიმულაციისთვის გამოსცადეს ორი ტაქტიკური "მიწა-მიწა" ბალისტიკური რაკეტა.