"ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ ჩართულა"- სირსკი Guardian-ის ინტერვიუში

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ისურვებდა, რომ კონტრიერიში უფრო სწრაფი ყოფილიყო, თუმცა ბრძოლაში ამისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ბირთვი ჯერ არ ჩართულა. 

ამის შესახებ ოლექსანდრ სირსკიმ ბრიტანულ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა

"ჩვენ არ უნდა დავამცროთ მტრის შესაძლებლობები, მათ შეძლეს და გამოიცნეს ჩვენი შეტევების მიმართულება და ამას კვლავ აგრძლებენ. ისინი აგებენ ეფექტურ თავდაცვით ზღუდეებს, რომლის გარღვევაც საკმაოდ რთულია",- ამბობს სირსკი. 

უკრაინის არმიის წარმატების მიზეზებზე საუბრისას სირსკი მებრძოლების მაღალ სულისკვეთებას და ეფექტურ წვრთნას გამოყოფს - "რიცხობრივი უმცირესობის პირობებშიც კი ჩვენ შევძელით ბევრი ტერიტორიიდან განდევნა. მე არასდროს მიბრძოლია რიცხობრივად ნაკლები მტრის წინააღმდეგ, ისინი ყოველთვის ჩვენზე მეტნი იყვნენ."

წარმატების კიდევ ერთ წინაპირობად გენერალი სირსკი დეტალურ დაგეგმვას, მტრის სუსტი წერტილების შესწავლას ასახელებს - "დაგეგმვის ეტაპზე ჩანს, რამდენად კარგად შევისწავლეთ საომარი თეატრის თავისებურებები, რამდენად კარგად ვიყენებთ ტოპოგრაფიის სპეციფიკას. ცხადია, ჩვენ ვხედავთ მტრის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღოთ."

უკრაინის არმიის მიერ მსგავსი მიდგომების წარმატებული იმპლემენტაციის მაგალითად, მოშუნის ტყეში უკრაინის არმიის მიერ ირპინის დამბის აფეთქებას ასახელებს. დამბის ჩამოშლის შემდეგ წყლის ტალღამ ოკუპანტების პოზიციები მორეცხა, ხოლო რუსული დანაყოფები იძულებულები გახდნენ შეიარაღება მიეტოვებინათ. კიევის დაცვის ოპერაციას სწორედ ოლექსანდრ სირსკი ხელმძღვანელობდა. 

უკრაინელი გენერალი ამბობს, რომ რუსული არმია თავის შეცდომებზე სწავლობს და ტაქტიკურ ადაპტაციას განიცდის - "ყველას გამოაქვს დასკვნები და არავის სურს ორჯერ წამოეგოს ერთი და იმავე ხაფანგს."

ოლექსანდრ სირსკი კონტრიერიშის საწყის ეტაპზე უკრაინულ დანაკარგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის თანმდევი მომენტია და მთავარი საკითხი დანაკარგების თანაფარდობაშია. 

უკრაინელი გენერლის თქმით, კონტრიერიშისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ბირთვი ჯერ ბრძოლაში არ ჩართულა, მათ შორის არც ბრიტანული Challenger-ის ტანკები. 

"ყველას სურს დიდი გამარჯვების მიღწევა სწრაფად და წამიერად, ჩვენც ეს გვსურს, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. ორივე მხარეს დიდი დანაყოფები, დიდი შეიარაღება და ბევრი საინჟინრო ბარიერია. ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ ჩართულან. ჩვენ ვეძებთ სუსტ წერტილებს მტრის თავდაცვაში, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა",- განაცხადა ოლექსანდრ სირსკიმ. 

მსგავსი სიახლეები