CIA: უკრაინის ომში 2 000-დან 4 000-მდე რუსი სამხედროა მოკლული

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2 000-დან 4 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა მოკლული.

ამის შესახებ სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებმა 8 მარტს კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადეს

აშშ-ს სადაზვერვო უწყების ინფორმაცია გაცილებით აღემატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს, რომელიც საომარ მოქმედებებში 500-მდე სამხედროს დაღუპვას აღიარებს.

გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიარაღების და საბრძოლო ტექნიკის 5 პროცენტი დაკარგა.

მიუხედავად თავდაპირველი სამხედრო გეგმის ჩავარდნისა, რუსეთი უკრაინულ ქალაქებზე იერიშს გააძლიერებს და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს არაფრად ჩააგდებს, - აცხადებს CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი.

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ყურადღება გაამახვილეს კიევის მოსალოდნელ ალყაზე. სააგენტოს ანგარიშით, უკრაინის დედაქალაქს ალყის გასაძლებლად სურსათის და სხვა აუცილებელი რესურსების დაახლოებით ორი კვირის მარაგი აქვს.

CIA-ს დირექტორი მიიჩნევს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას ყურადღებით აკვირდება.

პეკინში რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ გამოჩენილი ერთიანობით „შეშფოთებულები არიან“, - აცხადებს ბერნსი.

მსგავსი სიახლეები