CNN: აშშ-ის საელჩო კიევში ევაკუაციის პროცესს მომდევნო კვირას დაიწყებს
აშშ-ის საელჩომ უკრაინის მთავრობას აცნობა, რომ საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, პროცესის ავტორიზაციის მოთხოვნით საელჩომ უკვე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს.
საუბარია საელჩოს შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან პოზიციებზე მომუშავე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომელთა გარეშეც საელჩო შეუფერხებლად გააგრძელებს ძირითადი ფუნქციების შესრულებას.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამ თემაზე საუბარი შედგა სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის - ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევაკუაციის დაწყება გადაჭარბებული ზომების მიღება იქნებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ექსტრაორდინალური არაფერი ხდება - "ჩვენ, როგორც ყოველთვის, დეტალურად ვგეგმავთ ყველაფერს ვითარების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში".
საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავეს აშშ-ის საელჩოში კიევში.