დახმარება სესხის სახით - მაიკ ჯონსონმა უკრაინის დახმარების პროექტში სიახლეებზე ისაუბრა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტზე "რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა," მაგალითად, დახმარების სესხის სახით გაცემის შესაძლებლობას.
ამის შესახებ The Hill წერს.
ჯონსონმა თქვა, რომ ის რთულ მდგომარეობაშია წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ისტორიულად მცირე უმრავლესობის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში მუშაობდა პაკეტის შემუშავებაზე და გეგმავს მის კენჭისყრაზე გატანას, როდესაც პალატა მუშაობას დაუბრუნდება.
"როდესაც საქმე ეხება დამატებით დაფინანსებას, ჩვენ ვმუშაობთ კონსენსუსის მისაღწევად. ჩვენ ველაპარაკეთ ყველა წევრს, განსაკუთრებით ახლა, კონგრესის ოლქებში მუშაობისას. ვფიქრობ, რომ კანონპროექტში მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება." - აღნიშნა სპიკერმა.
მაგალითად მან მოიყვანა უკრაინისთვის სესხის გაცემის შესაძლებლობა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იდეამ მარტის დასაწყისში მოიპოვა გარკვეული პოპულარობა, რათა რესპუბლიკური პარტიის რადიკალურ ფრთაში უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა გაჩნდეს.
"პრეზიდენტმა ტრამპმაც კი ისაუბრა კრედიტის კონცეფციაზე, სადაც... ჩვენ უბრალოდ არ გავცემთ უცხოურ დახმარებას. ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს, რათა დაგვიბრუნონ, როცა დრო მოვა," - თქვა სპიკერმა.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ უკრაინას ექნება "აბსოლუტური მხარდაჭერა," როდესაც კონგრესი მუშაობას დაუბრუნდება.
აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების დამტკიცებას რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში კვლავ ბლოკავენ. თეთრმა სახლმა კანონმდებლები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ეს მნიშვნელოვნად აზიანებს კიევის სამხედრო შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე.