დანია უკრაინას €1 მილიარდის ტანკებს, დრონებს და ჭურვებს გადასცემს
14 დეკემბერს დანიის მთავრობა პარლამენტს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს წარუდგენს. პაკეტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო (7.5 მილიარდი დანიური კრონი) იქნება და მასში საბრძოლო მასალა, ტანკები და დრონები შედის.
ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნორვეგიის, ფინეთის, ისლანდიის და შვედეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ომის კრიტიკულ ეტაპზე ვართ და უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება," - თქვა მეტე ფრედერიკსენმა. "ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის."
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიას მიკოლაივის რეგიონის აღდგენისა და დახმარების ახალ პაკეტში შეყვანისთვის.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პაკეტის შინაარსზე, რომელსაც ჩვენ (დანიის მთავრობა - რედ.) ხვალ წარვადგენთ. ბრძოლის ველზე სასწრაფოდ არის საჭირო საბრძოლო მასალა და სხვა შეიარაღება ახლა, როცა ზამთარი მის სახეს აჩვენებს," - თქვა ფრედერიკსენმა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ოთხშაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯანდაცვისა და განათლების ფინანსური მხარდაჭერას და საბრძოლო მასალის წარმოების ზრდას მოიცავს.
მასთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს მან უკრაინის პორტების დაცვისა და შავ ზღვაში სანაოსო მიმოსვლის თავისუფლების საკითხი დააყენა.