"დეკაპიტაცია"- ისრაელის მიერ მოკლული ირანელი გენერლები, მეთაურები და ფიზიკოსები

ეს, ირანის თანამედროვე ისტორიაში, ყველაზე მწვავე კრიზისია - შესაძლოა, ყველაზე მძაფრი კრიზისის 1980-იანების საწყისი წლების შემდეგ, როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყი იმ დროს ჯერ კიდევ რევოლუციურ ირანში შეიჭრა. 

იმ დროს, ისლამური რესპუბლიკის მცველები ახალგაზრდები იყვნენ; იდეოლოგიურად მოტივირებულებს, ასობით ათასი მოხალისის მობილიზება შეეძლოთ - დღეს კი ლიდერები ასაკში არიან, უზარმაზარი შიდა და გარე წნეხის ქვეშ მოქცეულები, ისინი არანაკლებ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე ახალგაზრდა ისლამური რესპუბლიკა. 

Behind The Scenes: იკვეთება პარალელებიც - თუ 1980 წელს, სადამ ჰუსეინის ირანში შეჭრა რეგიონული მეტოქის განადგურების პირველი მცდელობა იყო, ხოლო 2003 წლის ერაყში ამერიკული ინტერვენცია რეჟიმის ცვლილება, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ეს არის ისრაელის მრავალშრიანი, ჰიბრიდული და სამხედრო კამპანია, რომელიც მოქმედების მეთოდში ქირურგიულია, მაგრამ განზრახვით სტრატეგიული. 

  • მთავარ კითხვაზე - კამპანიის მიზანი ირანის ქცევის შეცვლაა, თუ ეს არის კალიბრირებული ომი რეჟიმი შიგნიდან დაამხოს? - მკაფიო პასუხი ჯერ არ გვაქვს.

  • მაგრამ, ოპერაციის მოდელს თუ დავაკვირდებით, შესაძლოა, ეს არ იყოს ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტები. 

Catch Up Quick: შეერთებული შტატების ჩუმი, მაგრამ არაორაზროვანი თანხმობით, ისრაელმა დაიწყო კომპლექსური კამპანია ირანის საჰაერო თავდაცვის, უმაღლესი სამხედრო მეთაურებისა და წამყვანი ბირთვული ფიზიკოსების წინააღმდეგ. 

  • ამოცანა: ირანის მართვისა და კონტროლის სისტემის მოშლა, ღრმა დარტყმებისთვის წინაღობების განადგურება და ირანის განკარგულებაში არსებული ბირთვული პროგრამის ატომურ შეიარაღებად გარდაქმნის არდაშვებაა. 

Break It Down: ამას ადასტურებს ისრაელის მიერ წამოწყებული კამპანიის პირველი ოპერაციები, რომლის შედეგადაც, მნიშვნელოვნად შეთხელდა ირანის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგები, ხოლო საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემასა და ბირთვულ პროგრამას, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. 

 მოჰამაედ ბაგერი - გენშტაბის უფროსი

    

 

მოჰამად ბაგერი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იყო. 

1960 წელს, თეირანში დაბადებული ბაგერი მონაწილეობდა შეერთებული შტატების საელჩოს შტურმში 1979 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტი, ერაყ-ირანის ომის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში გაწევრიანდა. 

სამხედრო დაზვერვაში მრავალწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, ბაგერი, პერსონალურად ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ გამოარჩია და 2016 წელს გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა.

2019 წელს, ბაგერი შეერთებულმა შტატებმა გამოარჩია - აქტში ის მოხსენიებულია, როგორც "უმაღლესი ლიდერის უახლოესი გარემოცვის წევრი". 

ჰოსეინ სალამი - ირგკ-ს მეთაური


65 წლის გენერალი სალამი ამ დრომდე ძლევამოსილი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური იყო.

სალამი გამოირჩეოდა განსაკუთრებით ხისტი რიტორიკით შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ - გასულ თვეებში, გენერალი იმუქრებოდა, რომ ირანზე შეტევით ამერიკა და ისრაელი "ჯოჯოხეთის კარიბჭეს გააღებდნენ".

არაერთი კოლეგის მსგავსად, გენერალი გუშაგთა კორპუსს 1980 წელს, პრაქტიკულად ჩანასახოვან ეტაპზე შეუერთდა. გასულ წლებში ის კორპუსის საჰაერო ძალებსაც მეთაურობდა, და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ბირთვულ პროგრამაშიც.

2009 წელს, სალამი ირგკ-ს მეთაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2019 წლიდან უმაღლეს მეთაურად. სწორედ, სალამის სახელს უკავშირდება გუშაგთა კორპუსისა და მათი პროქსი დანაყოფების მიერ, 2020 წლის იანვარში, რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული შეტევა - ამგვარად უპასუხა ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობას. 

გასული წლის მიწურულს, სალამი ამბობდა, რომ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა რეგიონში "ახალი წონასწორობა" შექმნა. 

ალი შამხანი - უშიშროების საბჭოს მდივანი

 

69 წლის ალი შამხანი უმაღლეს ლიდერთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ალი ხამენეის მრჩეველი იყო. 

შამხანი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას 10 წლის განმავლობაში, 2023 წლამდე ინარჩუნებდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა. 

შამხანი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელმაც გასულ წელს საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმებას მიაღწია. ირანული მედიის ცნობით, შამხანი შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვადასხვა კრიზისული მომენტების დროს, აქტიურად მონაწილეობდა.

მათ შორის ცნობილია შამხანის როლის შესახებ 2022 წელს დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ჩახშობაში. 

ღოლამი რაშიდი - გენერალი 

 

 

1953 წელს დაბადებული რაშიდი 16 წლის განმავლობაში იკავებდა გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 

2016 წლიდან კი ღოლამი სათავეში ჩაუდგა ჰათამ ალ-ანბიას სტრატეგიულ ცენტრს, რომლის მიზანიც ირანის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებს შორის კოორდინაციის და ერთობლივი მოქმედების გეგმის შემუშავება იყო. 

ბაგერის მსგავსად, 2019 წელს, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა რაშიდისაც და ის "ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრად" მოიხსენია. 

ევროკავშირის სანქციები დაუწესდა რაშიდის 2024 წელს, მიზეზი - რუსეთისთვის დრონების გადაცემა და წარმოების განვითარებაში დახმარება იყო. 

ფერეიდუნ აბასი - ფიზიკოსი

 

 

1958 წელს დაბადებული აბასი ირანის ბირთვული სააგენტოს ყოფილი უფროსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანია. 

საყურადღებოა, რომ აბასი 2010 წელს ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას გადაურჩა - მოტოციკლისტის მიერ აბასის მანქანაზე მიმაგრებული ბომბი გვიან ამოქმედდა. 

ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში ჩართულობისთვის 2007 წელს აბასი გაეროს სანქციების ქვეშ მოყვა. 2012 წელს კი ფიზიკოსს სანქციები უკვე შეერთებულმა შტატებმაც დაუწესა.

ცნობილია, რომ აბასიმ დაიცვა დოქტორის ხარისხი ბირთვულ ფიზიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ის ლაზერის სპეციალისტი და ბირთვული იზოტოპის განცალკავების საკითხების ექსპერტი იყო. 

აბასი ასევე გახლდათ პროფესორი შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში. 

მოჰამად მეჰდი თეჰრანჩი - ფიზიკოსი

 

1965 წელს დაბადებული თეჰრანჩი თეორიული ფიზიკის წამყვანი სპეციალისტი იყო. 

ირანული მედიის ცნობით, თეჰრანჩი როლი და გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წელს ისრაელის სპეცსამსახურების წამყვანი ფიზიკოსის მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ.

ბირთვული პროგრამის გარდა, თეჰრანჩის ეკავა მაღალი აკადემიური თანამდებობებიც, მათ შორის, იყო აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის პროფესორი. 

ბოლო საათებში ვრცელდება ცნობები კიდევ ორი მაღალი რანგის ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ. საუბარია, გენშტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილესა და ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილეზე -  ღოლამრეზა მეჰრაბი და მეჰდი რაბანი. 

 

მსგავსი სიახლეები