წნეხი მოსკოვზე თუ ამერიკის გასვლა - ექსპერტები რუბიოს განცხადებას აფასებენ
.jpg)
რუსეთ-უკრაინის ომის ავტორიტეტული კომენტატორები და ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ მარკო რუბიოს განცხადებას, მედიაციის შეწყვეტის შესახებ, თუ კი უახლოეს დღეებში არ იქნება პროგრესი.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუბიო ამგვარად კონფლიქტის ორივე მხარეზე ცდილობს წნეხის გაზრდას, რათა "წაახალისოს" შეთანხმების მიმართ მათი მადა, ნაწილი მიიჩნევს, რომ რუბიოს პოზიცია უკრაინისთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე რუსეთისთვის, რადგანაც შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში არის შანსი, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება.
არიან კომენტატორებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი უკვე პრაქტიკულად გავიდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევიდან.
State of Play: ხმაურიანი განცხადება რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელზეც მისი თქმით, მხარეებმა გრძელვადიანი და მყარი მშვიდობისთვის საჭირო შეთანხმების კონტურები განსაზღვრეს. ფრანგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის შეხვედრას პარიზის დიპლომატიური წარმატება უწოდა, რადგანაც ევროპა საბოლოოდ ჩაერთო მიმდინარე პროცესში.
- New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სარედაქციო სვეტის ავტორების აზრით, რუბიოს განცხადებები წარმოადგენს წნეხს როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე და მისი მიზანია უბიძგოს ევრპოლებს უფრო აქტიურად ეცადნონ კიევის დარწმუნებას ტერიტორიული დათმობების აუცილებლობაში.
- საინფორმაციო სააგენტო Reuters გასულ კვირას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ უიტკოფმა ამერიკის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დათმობაა.
- უკვე მიმდინარე კვირაში Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უიტკოფმა განაცხადა, რომ მასთან შეხვედრის დროს პუტინი "ჩაციკლული იყო" უკრაინულ ტერიტორიებზე და რომ, რუსეთმა შესაძლოა მიიღოს ზოგი რეგიონი, მაგრამ არა ყველა.
- ამავე გაზეთის უფროსი საგარეო კორესპონდენტი, იაროსლავ ტროფიმოვი ყურადღებას ამახვილებს, რომ რუბიომ განცხადება სერგეი ლავროვთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა, რაც მისი აზრით იმაზე მიუთითებს, რომ "საუბარი მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო." ტროფიმოვის აზრით, ამაზე მიუთითებს მხარეების მიერ გავრცელებული ძალიან განსხვავებული პრეს-რელიზები.
- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ რუბიომ ლავროვს "გრძელვადიანი და მყარი მშვიდობისთვის" საჭირო შეთანხმების კონტურები გადასცა. თავის მხრივ МИД-ის პრეს-რელიზში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, არაფერია ნათქვამი ცეცხლის შეწყვეტის შესახებაც და მხოლოდ გამოთქმულია მზაობა "ერთობლივი სამუშაოს" გაგრძელების შესახებ.
- "ცალსახაა, რომ ტრამპი კარგავს მოთმინებას პუტინის მიმართ"- ნათქვამია გამოცემა Axios-ის მიერ მიმდინარე ამბების შესახებ გამოქვეყნებულ საავტორო მასალაში. გამოცემის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად კრემლს ვადა აპრილის ბოლომდე მისცა.
- ევროპელი წყაროები გამოცემასთან საუბარში ამბობენ, რომ "მიმდინარე მოლაპარაკებები ამერიკული მიდგომაში დადებითი ცვლილებაა. ცნობილია, რომ უკვე ჩანიშნულია ახალი ფორმატის მორიგი შეხვედრა, რომელიც მომდევნო კვირას ლონდონში გაიმართება - ახალ ფორმატში აშშ-სა და უკრაინასთან ერთად მონაწილეობენ: საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო.
- კონფლიქტის დარეგულირების საკითხში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩართულობის პოტენციურად "დადებით" როლზე გაამახვილა ყურადღება მარკო რუბიომაც.
- არიან კომენტატორები, რომლებიც რუბიოს განცხადებას განსხვავებულად ინტერპრეტირებენ: იმავე იაროსლავ ტროფიმოვის შეფასებით, სახელმწიფო მდივნის განცხადება უპირველესად კიევზე გაზრდილ წნეხის მანიშნებელია. "მთლიანი განცხადების მოსმენით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან პარიზში უკრაინას წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომელსაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად ის კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩააქვს. ამგვარად მოლაპარაკებებზე უარის მუქარა პირველ რიგში სწორედ უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული."
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, იანის კლუნგე მიიჩნევს, რომ ამერიკა საერთოდაც უკვე გავიდა პროცესიდან - "ამერიკა უკვე გავიდა მოლაპარაკებებიდან, ევროპელებს და სხვა დასავლელ მოკავშირეებ მოუწევთ ცალ-ცალკე იმოქმედონ."
- Financial Times ყურადღებას ამახვილებს, რომ რუბიოს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში.
- KIngs კოლეჯის პროფესორი, სემ გრინი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ასეთ შემთხვევაში გრინის აზრით, მოსალოდნელია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება და კიევის დახმარების შემცირება.
Go Deeper: თუ უახლოეს დღეებში პროგრესი არ იქნება რუსეთ-უკრაინის შუამავლობას ვწყვეტთ - რუბიო