დუდა: უკრანას სულ 2 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადავეცით
პოლონეთმა უკრაინას 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი უკვე გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 9 ივნისს, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინას სჭირდება მძიმე შეიარაღება, ტანკები. ეს არის უკრაინის საჭიროებები. მე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორი დღის წინ ვესაუბრე. ჩვენ გავგზავნეთ 240-ზე მეტი ტანკი, რომელიც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს. ჩვენ გავაგზავნეთ თითქმის 100 ერთეული ჯავშანტექნიკა და შეიარაღება - საბრძოლო მასალა, რაკეტები. ჩვენ სულ 2 მილიარდი დოლარის იარაღი გავგზავნეთ", - განაცხადა დუდამ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არა დაკონსერვებული ტექნიკა, არამედ პოლონეთის არმიის შეიარაღება გადასცეს.
დუდას თქმით, პოლონეთი გერმანიიდან ლეოპარდის ტანკების მიღებას ელოდა, რათა უკრაინისთვის გადაცემული ტანკები ჩაენაცვლებინათ.
"ჩვენთვის ცხადია, რომ ძველი საბჭოთა ტანკების ნაცვლად, რომლებიც უკრაინას მივაწოდეთ, გერმანიიდან მივიღებთ ლეოპარდის ტანკების გარკვეულ რაოდენობას და არა ყველაზე თანამედროვეს. იმიტომ, რომ ჩვენ, პოლონეთში გვაქვს ლეოპარდის ტანკების ძველი ვერსიები. ამ დახმარების წყალობით გვინდოდა ჩვენი მარაგების მცირედით შევსება. როგორც ვიცი, ჯერ არაფერი მიგვიღია", - შეაჯამა პოლონეთის პრეზიდენტმა.