ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Cтрана.УА ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი კიევის ბორისპოლის აეროპორტში შუაღამით დაფრინდა. დღეს, 6 მაისს ენტონი ბლინკენი უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს, მათ შორის მის უკრაინელ კოლეგასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. 

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ინსპირირებული დაძაბულობის ფონზე კიევის მხარდამჭერის გამოხატვა და ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრის მომზადებაა. განსახილველ საკითხებს შორის იქნება, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაც, რომელიც შესაძლოა ივნისში გაიმართოს. 

უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ენტონი ბლინკენმა აპრილის ბოლოს განაცხადა. მომავალ ვიზიტზე საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის არმიის ნაწილების გაყვანის პროცესს. "ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ აშკარად მოწმობს, რომ რუსეთმა უარი თქვა ამ სამხედრო ნაწილებზე, ჩვენ ვნახეთ როგორ დატოვეს ამ სამხედრო ნაწილებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორია",- ამბობს ბლინკენი. 

მსგავსი სიახლეები