ერდოღანი ამბობს, რომ სტამბოლის ახალ საზღვაო არხს მონტროს კონვენცია არ შეეხება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ მიღებაზე სტამბულის ახალ საზღვაო არხზე ისაუბრა, რომელიც ბოსფორის სრუტის ალტერნატიული საზღვაო მარშრუტი უნდა გახდეს. 

ერდოღანის თქმით ახალი საზღვაო არხი მარმარილოს და შავ ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ახალ საზღვაო არხს არ შეეხება მონტროს კონვენცია, რომელიც თურქულ სრუტეებში საზღვაო ნავიგაციას არეგულირებს. ერდოღანის თქმით, ახალი საზღვაო არხი თურქეთისთვის ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება და ამასთანავე არხის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ბოსფორის რაიონში მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობაც. 

ხელოვნურმა საზღვაო არხმა გემების უსაფრთხო ნავიგაცია უნდა უზრუნველყოს. გეგმის მიხედვით არხი დღის განმავლობაში 160 გემის გატარებას შეძლებს, მათ შორის 300 000 ტონის ტევადობის ტანკერებს. ახალი საზღვაო არტერიის მარშრუტზე, ასევე, იგეგმება 10 ხიდის აშენება, ხოლო არხის ნაპირებზე ჩაფიქრებულია ახალი ქალაქის მშენებლობა, რომლის მოსახლეობაც 500 000-მდე იქნება. 

ბოსფორის სრუტეს ოფიციალურად წელიწადში 25 000 გემის გატარება შეუძლია. სინამდვილეში ბოსფორის სრუტეს ყოველწლიურად 40-42 000 გემი კვეთავს, რაც ნიშნავს, რომ სრუტეში გასვლას გემები დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ელოდებიან.

1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენცია თურქეთის სრუტეებში სავაჭრო გემების თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს, [სავაჭრო გემები არ იხდიან საფასურს თურქული სრუტეებში გავლისთვის]. ამავდროულად, მონტროს კონვენცია ზღუდავს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში სამხედრო გემების გადაადგილებას.

ახალი საზღვაო არხის მშენებლობის გეგმები კრიტიკულად შეაფასეს გადამდგარი ადმირალების ნაწილმა. არხის წინააღმდეგ განწყობილი სამხედროების აზრით, მთავარი პრობლემა ის იქნება, რომ ამ არხს მონტროს კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეეხება. 

თურქეთის ხელისუფლების თქმით, ახალი 45 კილომეტრიანი საზღვაო არხი, სტამბოლის სამხრეთში განტვირთავს მოძრაობას ბოსფორის სრუტეში. რეჯეფ თაიპ ერდოღანის თქმით, ახალი არხის მშენებლობა თურქეთს 9 მილიარდი დოლარი დაუჯდება და ტენდერი მის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

მსგავსი სიახლეები