თურქეთი რუსეთისგან შეძენილი S-400-ის სისტემების უკან დაბრუნებას ცდილობს - Bloomberg

სააგენტო Bloomberg წერს, რომ თურქეთი ცდილობს უკან დააბრუნოს S-400-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მან რუსეთისგან თითქმის ათი წლის წინ შეიძინა. 

ვითარების არსი: ეს ნაბიჯი წერტილს დაუსვამს სადავო შესყიდვას, რომელმაც გააუარესა თურქეთის ურთიერთობები აშშ-სა და ნატოს სხვა წევრებთან.

  • აღნიშნული ნაბიჯი ანკარას პოტენციურად მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს ულტრათანამედროვე, ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლები F-35, რომელთა შესყიდვასაც ქვეყანა დიდი ხანია ცდილობს.
  • ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა S-400-ის საკითხი ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას, თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენა.
  • მანამდე კი ანალოგიური დისკუსიები ორ ქვეყანას შორის მაღალჩინოსნების დონეზეც შედგა.

დიდი სურათი: მოსკოვმა და ანკარამ S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება 2017 წელს გააფორმეს.

  • აშშ ცდილობდა ამ შესყიდვისთვის ხელი შეეშალა, რის გამოც თურქეთი F-35-ის პროგრამიდან გარიცხა და ზოგიერთი თურქული თავდაცვითი კომპანიის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი (CAATSA) აამოქმედა.
  • გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ თურქეთისთვის რუსული საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მიწოდება საფრთხეს უქმნის "ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიებისა და პერსონალის უსაფრთხოებას, ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს აწვდის რუსეთის თავდაცვის სექტორს."
  • მიუხედავად ამისა, სარაკეტო სისტემები თურქეთს 2019 წლის ზაფხულში მაინც გადაეცა.

კონტექსტი: 2024 წლის აგვისტოში თურქული გაზეთი Cumhuriyet წერდა, რომ რუსეთისგან ნაყიდი S-400-ები თურქეთს საბრძოლო მორიგეობაზე არ დაუყენებია და ისინი საწყობებში ინახებოდა.

მსგავსი სიახლეები