ირანის ახალი უზენაესი ლიდერი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს - Al-Jarida
კუვეითური გამოცემა Al-Jarida, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიად მიიჩნევა, იტყობინება, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრის შემდეგ მოსკოვში მკურნალობს.
ვითარების არსი: გამოცემის თანახმად, ხამენეი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე მიტანილი საწყისი იერიშებისას დაიჭრა, მოსკოვში ხუთშაბათს, რუსული სამხედრო თვითმფრინავით ფარულად გადააფრინეს.
- ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები გახდა. ჩასვლისთანავე მას „წარმატებული“ ოპერაცია ჩაუტარდა.
რუსეთის კომენტარი: კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნული ინფორმაციის უარყოფისგან თავი შეიკავა.
- კითხვაზე, შეეძლო თუ არა დაედასტურებინა ხამენეის მოსკოვში ყოფნა, პესკოვმა მოკლედ უპასუხა: „მსგავს შეტყობინებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“.
მოტივაცია: ირანის სპეცსამსახურებს ეშინოდათ, რომ ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ექიმებისგან გაჟონავდა, ამიტომ მის რუსეთში გაგზავნას დათანხმდნენ.
- გამოცემის წყარო აზუსტებს, რომ ხამენეის მოსკოვში მკურნალობა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან გასულ ხუთშაბათს გამართული საუბრისას თავად შესთავაზა.
რა ვიცით გამოცემაზე: Al-Jarida ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 2007 წლიდან გამოდის. მისი მფლობელი ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეა. გამოცემა ცნობილია მაღალჩინოსნებისგან მიღებული „ინსაიდერული“ ინფორმაციებითა და გაჟონილი დოკუმენტებით.
-
ავტორიტეტი: გამოცემას ხშირად ციტირებენ ისეთი გლობალური მედიასაშუალებები, როგორებიცაა Reuters და Bloomberg. მაგალითად, 2021 წელს სწორედ ამ გაზეთზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია კუვეითის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა.
-
კავშირები ისრაელთან: The Guardian-ის ცნობით, გაზეთი ხშირად აქვეყნებს მასალებს, რომლებიც ისრაელის მაღალჩინოსნებისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. მას აქტიურად ციტირებენ ისრაელის წამყვანი გამოცემებიც (Haaretz, The Times of Israel).
-
ბრიტანული მედიის რეაქცია: კვირას Al-Jarida-ს ინფორმაციას ხამენეის მოსკოვში გადაყვანის შესახებ ბრიტანული The Telegraph-იც გამოეხმაურა.