ერდოღანის თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ჰესის აფეთქებას გამოიძიებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შესთავაზა შექმნან კომისია, რომელიც გამოიძიებს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევას. ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hürriyet ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, გამოძიებას უნდა შეუერთდნენ ორივე მხარის ექსპერტები, ასევე გაეროს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა ყველაფერი გააკეთოს გამოძიების ჩასატარებლად. ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა თავისი ქვეყნის როლზე მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, როდესაც მოსკოვი და კიევი არ ურთიერთობენ უშუალოდ ერთმანეთთან, არამედ მოქმედებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. ერდოღანმა გამოთქვა ინიციატივა, რომ კომისიის შექმნისას იგივე მეთოდი გამოიყენონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მან ერდოღანს გადასცა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სია კატასტროფის აღმოსაფხვრელად. ზელენსკიმ ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას რუსული ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და ნგრევას "ბარბაროსული აქტი" უწოდა.