ერდოღანმა ამჯერად სტატისტიკის სამსახურის უფროსი დაითხოვა

 

ცენტრალური ბანკის 3 პრეზიდენტის შემდეგ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან უთანხმოებას ამჯერად ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა ემსხვერპლა.

საით ერთალ დინჩერის გადაყენებას წინ უძღოდა თურქულ პრესაში გამოჟონილი ცნობები, რომლის მიხედვითაც ჩინოვნიკსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. 

ამის მიზეზი კი ქვეყნის ინფლაციის მონაცემებთან დაკავშირებული საკითხი იყო. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო 1 წლის განმავლობაში - 2021 წელს თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 36% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

საით ერთალ დინჩერმა თანამდებობაზე მხოლოდ 10 თვე იმუშავა. სტატისტიკის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ერჰან ჩეთინკაია გახდა, რომელიც აქამდე თურქეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 

დინჩერის გათავისუფლებას წინ უძღოდა ქვეყნის ოპოზიციური პარტიების კრიტიკა - თურქი ოპოზიციონერები სტატისტიკის სამსახურის უფროსს ინფლაციის შესახებ მონაცემების მანიპულაციაში ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა დინჩერი. 

სტატისტიკის სამსახურმა იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებლები 3 თებერვალს უნდა გამოაცხადოს. თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობებებით, მსხვილ ბიზნესთან შეხვედრის დროს ფინანსთა მინისტრმა, ნურედინ ნებატიმ განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია 40%-ს მიაღწევს. 

საინვესტიციო ბანკ, Goldman&Sach-ის ვარაუდით უკვე იანვარში ინფლაციამ 48%-ს მიაღწია. 

სტატისტიკის სამსახურის გარდა თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა, აბდულჰამით გულმა, რომელიც ამ პოსტზე ბექირ ბოზდაგმა ჩაანაცვლა. ბოზდაგი ერდოღანის წინა მთავრობებში ორჯერ იკავებდა ამ თანამდებობას. 

უფრო მეტი თურქეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

მსგავსი სიახლეები